ახალციხელები

ახალციხელები, სამხრეთ საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში, თორელთაგან გამოყოფილი შტო. მათი თავდაპირველი სამფლობელო ახალციხე იყო. XII საუკუნის ბოლოს ახალციხელებმა პირველობა წაართვეს თორელთა ძირითად შტოს - ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავებს. ამირსპასალარ გამრეკელ თორელის შემდეგ ახალციხელებმა მიიღეს ჯავახეთის მონაპირის სახელო, ხოლო კარის (ყარსი) აღების შემდეგ (XIII საუკუნის დასაწყისი) - ამ მხარის მონაპირეობაც. გვარის სახელოვანი წარმომადგენლები იყვნენ შალვა და ივანე ახალციხელები. მათ შემდეგ ახალციხელები დასუსტდნენ და სამხრეთ საქართველოში კვლავ თორელთა ძირითადი შტო გაბატონდა. მონღოლებმა XIII საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოს დუმნის თავად გამრეკელ თორელი დანიშნეს. XIII საუკუნის II ნახევარში ახალციხე და სამეფო ქალაქ კარის გამგებლობაც ხელთ იგდეს ჯაყელებმა (1270 დემეტრე II-მ კარი სადუნ მანკაბერდელს გადასცა). ახალციხელების დაკნინებული საგვარეულო შიდა ქართლში გადასახლდა. მათი შთამომავლობა მოხსენიებულია 1487 წელს ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის სიგელში.

  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966